მუხლი 1141. ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია
თუ მეუღლეებმა დაქორწინებისას არ იცოდნენ ქორწინების დამაბრკოლებელი იმ გარემოების შესახებ, რომელიც მათი ქორწინების ბათილობის საფუძველია, ქორწინება წყდება სასამართლოში ამ გარემოების დადგენის მომენტიდან, მაგრამ ამ დრომდე ქორწინება წარმოშობს ყველა იმ სამართლებრივ შედეგს, რასაც ნამდვილი ქორწინება.
I. ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია
1 1141-ე მუხლის სახელწოდებაა ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია. აღნიშნული პრეზუმფცია ცნობილია საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალში, მათ შორის, სხვა ქვეყნების სამართლის სისტემებისათვისაც. ქართველმა კანონმდებელმა 1141-ე მუხლში გაითვალისწინა ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფციის კონკრეტული, ქართული სამართლის რეალობისათვის მორგებული ვარიანტი.
2 ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როცა ქორწინების პროცედურის დამადასტურებლად არ გამოიყენება საჯარო რეგისტრაციის აქტი. 1106-ე მუხლის თანახმად ქორწინება რეგისტრირდება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში. ხოლო, 1151-ე მუხლის თანახმად მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს. შესაბამისად, დავის შემთხვევაში, სააგენტოს ჩანაწერი ხდება გადამწყვეტი მნიშვნელობის - თუნდაც მხარეები ფაქტობრივად იმყოფებოდნენ ქორწინებაში და ერთმანეთს მიიჩნევდნენ მეუღლეებად, სააგენტოში რეგისტრაციის გარეშე ქართული კანონმდებლობა მათ ქორწინებას არ აღიარებს. იგივე პრაქტიკაა დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც. [სუსგ №3კ/716-01, 26/09/2001; სუსგ №ას-1160-2018, 08/10/2018; სუსგ №ას-7-7-2016, 16/03/2016]. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა მხარეები ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებიან და არ ახდენენ ქორწინების რეგისტრაციას. [სუსგ №ას-7-7-2016, 16/03/2016, სუსგ №ას-480-454-2014, 08/05/2015, სუსგ №ას-681-637-2010, 25/01/2011]. მეტიც, ტრადიციულად, ქორწინების აქტი, უმეტესწილად, სწორედ, ცერემონიულ ხასიათს ატარებდა და ნაკლებად ხდებოდა მისი ოფიციალურ სახელმწიფო ორგანოში რეგისტრაცია. სასამართლო პრაქტიკაში ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფციის ჩამოყალიბება, სწორედ, ფაქტობრივი ქორწინების შემთხვევებს და მათგან გამომდინარე დავებს უკავშირდება.
3 ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად ინგლისში, ქორწინების მოწმობის ან მისი რეგისტრაციის არ არსებობა არ გამორიცხავს ნამდვილი ქორწინების არსებობას. [Pazpena de Vire v Pazpena de Vire [2001] I FLR 460]. ქორწინება, როგორც ორ პირს შორის სამოქალაქო კავშირი, შეთანხმების ნაირსახეობად მიიჩნეოდა, რომელსაც საკუთარი, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური მოთხოვნები გააჩნდა. ზოგადი განმარტების თანახმად თუკი მხარეები გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობენ ერთად და ურთიერთობა იყო ისეთი ფორმის, რომ საზოგადოება მათ მეუღლეებად აღიქვამდა, მაშინ მოქმედებდა ქორწინების ნამდვილობის (ანუ მისი არსებობის) პრეზუმფცია, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა ქორწინების მოწმობა ან სხვა ოფიციალური დოკუმენტი. [Halsbury's Laws of England (Butterworths, 4th edn, 2001), Reissue 2001, at para 142; Rayden and Jackson's Law and Practice in Divorce and Family Matters (Butterworths, 17th edn, 1997), at p 4.11; Wilkinson v Payne (1791) 4 Term Rep 468; Piers v Piers (1849) 2 HL Cas 331, and the Breadalbane Case, Campbell v Campbell (1867) LRI Sc&Div 182 (Scot)]. თუმცა, პრეზუმფცია იყო prima facie და მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლებლობა ქონდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით გაებათილებინა იგი. [Lyle v Ellwood, LR 19 Eq 98 (1874)].
4 თუკი მხარეებმა ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთად გაატარეს, შექმნეს ოჯახი და ეწეოდნენ საერთო საოჯახო მეურნეობას როგორც მეუღლეები, პრეზუმფცია კარგი საშუალება იყო მათი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დასაცავად. მაგალითად, პრეზუმფციის ძალით მეუღლეს შეეძლო პრეტენზია განეცხადებინა არა მხოლოდ გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე, არამედ, ედავა გარდაცვლილი მეუღლის საპენსიო სარგებელზე. [Chief Adjudication Officer v Bath, [2000] 1 FLR 8]. პრეზუმფცია იცავდა მემკვიდრეების, მათ შორის, ბავშვების სამემკვიდრეო უფლებებს [Re Taylor, Decd; Taylor v Taylor and Another, 1 WLR 9 (1961)] და გამოიყენებოდა ანდერძის ბათილობის საქმეებში. [Rumsey v Sterne, Ill SJ 113 (1967)]. ხშირად იყო შემთხვევები, როცა პრეზუმფცია იცავდა რამდენიმე ათეული წლით ადრე სავარაუდოდ შემდგარ ქორწინებას და მისგან მომდინარე უფლება-მოვალეობებს. [The Lauderdale Peerage, 10 App Cas 692 (1885) (სადაც პრეზუმფცია გამოყენებულ იქნა 113 წლით ადრე ნიუ იორკში შემდგარი ქორწინების ფაქტის დასადასტურებლად); Re Taylor, Decd; Taylor v Taylor and Another, 1 WLR 9 (1961) (სადაც პრეზუმფცია გამოყენებულ იქნა ისეთ საქმეში, რომელშიც მტკიცების საგანს წარმოადგენდა 50 წლით ადრე მომხდარი ფაქტობრივი გარემოებები)]. შესაბამისად, ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია წარმოადგენდა მეუღლეთა ფაქტობრივი საოჯახო ურთიერთობის დაცვის ინსტრუმენტს.
II. რამდენიმე ქორწინება
5 ვითარება იცვლება მაშინ, როცა სახეზეა ორი ან მეტი საქორწინო აქტი, რაც ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფციის კერძო შემთხვევას წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ პრეზუმფცია ყველა ქორწინებაზე დამოუკიდებლად ვრცელდება, ამიტომ, დამატებით, გადასაწყვეტია პრეზუმფციებს შორის პრიორიტეტის საკითხი. მაგალითად, აშშ-ს უმრავლესი შტატის სასამართლოთა განმარტებთ მეორე ქორწინების მიმართ არსებული პრეზუმფცია უფრო ძლიერი იყო და გადაწონიდა პირველი ქორწინების მიმართ არსებულ პრეზუმფციას. [Texas Employer's Insurance Ass'n v. Elder, 155 Tex. 27, 282 S.W.2d 371 (1955)]. შედარებით მცირე რაოდენობა შტატებში სასამართლოები მოითხოვდნენ დამატებით მტკიცებულებას მეორე ქორწინების სასარგებლოდ: მაგალითად, რომ პირველი ქორწინებიდან მეუღლე უკვე გარდაცვლილია, ან რომ ისიც მეორედ დაქორწინდა და დამოუკიდებელი ოჯახი შექმნა. [Madison v. Lewis, 151 Pa. Super 138, 30 A2d 357 (1943)]. ნებისმიერ შემთხვევაში, პრეზუმფცია შეიძლებოდა გაბათილებულიყო. [Woods v. Hardware Mutual Casualty Co., 141 S.W.2d 972 (Tex. Civ. App. 1940, writ ref'd); Adams v. Win. Cameron & Co., 161 S.W. 417 (Tex. Civ. App. 1913, n.w.i.)].
6 საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ სასამართლოები განსაკუთრებით იცავდნენ კეთილსინდისიერი მეუღლის ინტერესებს, რომელმაც არ იცოდა წინა ქორწინების არსებობის შესახებ და გააჩნდა კანონიერი ნდობა საკუთარი საქორწინო ურთიერთობის მიმართ. თუმცა, თავდაპირველად, სასამართლოები მეორე ქორწინების სასარგებლოდ არსებული პრეზუმფციისათვის უპირატესობის მინიჭებას სხვაგვარად ასაბუთებდნენ. ასეთ შემთხვევებში სასამართლოები იყენებდნენ გარდაცვალების, განქორწინებისა და საქორწინო აქტის ბათილობის პრეზუმფციებს. მაგალითად, 1848 წლის საქმეში, სადაც სასამართლომ უპირატესობა მიანიჭა მეორე ქორწინებას, განიმარტა, რომ ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია უფრო ძლიერია მეორე ქორწინების მიმართ იმიტომ, რომ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ მეორე ქორწინების აქტის განხორციელების მომენტში, პირველი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. [Yates v. Houston, 3 Tex. 433 (1848). იგივე პრინციპი იქნა აღიარებული 1856 წლის საქმეშიც Lockhart v. White, 18 Tex. 102 (1856)]. შესაბამისად, მეორე ქორწინების მიმართ არსებული პრეზუმფციისათვის უპირატესობის მისანიჭებლად სასამართლო დაეყრდნო პირველი მეუღლის გარდაცვალების პრეზუმფციას. თუმცა, ეს მიდგომა მხარეთათვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, ვინაიდან მოსარჩელეს მარტივად შეეძლო საწინააღმდეგოს დადასტურება (რომ მეორე ქორწინების აქტის განხორციელების მომენტში მეუღლე პირველი ქორწინებიდან არ ყოფილა გარდაცვლილი), განსაკუთრებით მაშინ, როცა მოსარჩელეს, სწორედ, პირველი ქორწინებიდან მეუღლე წარმოადგენდა. ამიტომ, მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეში, სადაც პირველი მეუღლის შვილი ითხოვდა მეორე ქორწინების ბათილად ცნობას და მის ერთადერთ კანონიერ მემკვიდრედ აღიარებას, სასამართლომ განმარტა, რომ მართალია მეორე ქორწინების დროს პირველი მეუღლე ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (რამაც გააბათილა Yates v. Houston და Lockhart v. White საქმეებში დადგენილი გარდაცვალების პრეზუმფცია), თუმცა მეორე ქორწინება მაინც ნამდვილად იქნა მიჩნეული, ვინაიდან მეორე მეუღლის კეთილსინდისირებამ წარმოიშვა ახალი პრეზუმფცია - პირველი ქორწინება შეწყდა განქორწინებით. [Carroll v. Carroll, 20 Tex. 731 (Tex. 1858)]. შესაბამისად, მითითებულ საქმეში მეორე ქორწინებისათვის უპირატესობის მინიჭება დასაბუთდა პირველი ქორწინების შეწყვეტის პრეზუმფციით. აღნიშნული მიდგომა, რაც დამახასიათებელი იყო, მაგალითად, ესპანური სამართლისათვის, მოგვიანებით, სხვა გადაწყვეტილებებშიც დადასტურდა. [Nixon v. Wichita Land & Cattle Co., 84 Tex. 408 (1892)].
7 ამას გარდა, ზოგიერთი სასამართლო მეორე ქორწინების მიმართ არსებულ პრეზუმფციას იცავდა მტკიცების განსაკუთრებული მძიმე სტანდარტის დაწესებით, რომელსაც, როგორც წესი, მხარეები რთულად თუ დააკმაყოფილებდნენ. მაგალითად, მეორე ქორწინების სასარგებლოდ არსებული პრეზუმფციის გასაბათილებლად ზოგიერთი სასამართლო მოითხოვდა იმის დადასტურებას, რომ პირველი ქორწინება არ შეწყვეტილა და არც შეიძლებოდა შეწყვეტილიყო. აღნიშნული მტკიცების ტვირთი საკმაოდ მკაცრია, ვინაიდან მხარისგან მოითხოვდა ნეგატიური გარემოების დადასტურებას და ამავე დროს იმის ჩვენებას, რომ ქორწინება არ შეწყვეტილა არც ერთ იმ იურისდიქციაში, სადაც მისი შეწყვეტა თეორიულად შესაძლებელი იყო. [Hudspeth v. Hudspeth, 198 S.W.2d 768 (1946)]. თუმცა, სხვა შემთხვევებში სასამართლოთა მიდგომა იყო უფრო ლიბერალური და მეორე ქორწინების ნამდვილობის მიმართ არსებული პრეზუმფციის გასაბათილებლად საკმარისი იყო იმის ჩვენება, რომ პირველი ქორწინება არ შეწყვეტილა იმ იურისდიქციაში, რომელშიც მისი შეწყვეტა გონივრულად მოსალოდნელი იყო - მაგალითად, სადაც მეუღლეები ცხოვრობდნენ და უმეტეს დროს ატარებდნენ. [Dockery v. Brown et al., 209 S.W.2d 801 (1948)].
8 დროთა განმავლობაში, დასახელებულ გადაწყვეტილებებში დადგენილი სხვა და სხვა პრეზუმფციები (პირველი მეუღლის გარდაცვალების, განქორწინების და ქორწინების ბათილობის) გაერთიანდა ერთ პრეზუმფციაში და მიიღო დაახლოებით ისეთი სახე, რაც 1141-ე მუხლში განამტკიცა ქართველმა კანონმდებელმა - მეორე ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია, რაც ემყარება მეორე მეუღლის კეთილსინდისიერებას. [Zurich General Accident & Liability Ins. Co. v. Hill, 251 S.W.2d 948 (Tex. Civ. App. 1952, writ ref'd)].
9 ქორწინების ნამდვილობის პრეზუმფცია, ფაქტობრივად, რელევანტურობას კარგავს, როცა ქორწინება რეგისტრირდება და რეგისტრაციას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგალითად, 1957 წელს ჯორჯიის შტატში მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც მეორე ქორწინების ფაქტი ავტომატურად არ ქმნიდა პირველის გაუქმების პრეზუმფციას და მოითხოვდა, რომ ქორწინების გაუქმება განხორციელებულიყო სათანადო ფორმალური პროცედურის დაცვით. [Georgia Code, Title 53, Sec. 101-108]. კანონით მტკიცების ტვირთი გადავიდა მეორე მეუღლეზე, რომელსაც მეორე ქორწინების ნამდვილობისათვის უნდა დაედასტურებინა, რომ პირველი ქორწინება შეწყდა განქორწინების ფორმალური სასამართლო პროცედურის სრული დაცვით. [Zurich Insurance Co. v. Craft, 120 S.E.2d 922 (Ga. Ct. App. 1961)]. ვინაიდან, ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის ფაქტობრივი ქორწინების ინსტიტუტი, ამიტომ ქორწინების ნამდვილობის ზოგადი პრეზუმფცია არარელევანტურია - ქორწინების ფაქტის დადასტურება შესაძლებელია, მხოლოდ, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში არსებული ჩანაწერით. თუმცა, კვლავ მნიშვნელოვანია ქორწინების ნამდვილობის ის სპეციალური შემთხვევა, რაც მოწესრიგებულია 1141-ე მუხლით.
III. გამოყენების სფერო
10 1141-ე მუხლის თანახმად დაცულია ის მეუღლე, რომელმაც არ იცის ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ. შესაბამისად, იგი მოქმედებს კეთილსინდისიერად და გააჩნია ლეგიტიმური ნდობა ქორწინების ნამდვილობის მიმართ. ასეთ დროს კანონმდებელი იცავს კეთილსინდისიერი მეუღლის ინტერესებს და აძლევს მას შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა იმ ქონებრივი თუ არაქონებრივი უფლებით, რაც მას ნამდვილი და კანონიერი ქორწინების შემთხვევაში ექნებოდა. მაგალითად, თუკი ქორწინების პერიოდში მეუღლეებმა შეიძინეს ქონება, ხოლო შემდეგში გამოვლინდება ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც ქორწინება ბათილად იქნება ცნობილი, შეძენილ ქონებაზე მაინც გავრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრება, თუკი ქორწინების ბათილობის საფუძვლები უცნობი იყო მათთვის, მიუხედავად იმისა, რომ ქორწინების ბათილად ცნობა გამორიცხავს, მაგალითად, მემკვიდრედ ყოფნის უფლებას. [სუსგ №ას-708-662-2017, 11/01/2018].
11 1141-ე მუხლი, სისტემურად, მოთავსებულია ქორწინების ბათილობის თავში და მოსდევს 1140-ე მუხლს, რომელიც ადგენს ქორწინების ბათილობის საფუძვლებს. შესაბამისად, 1141-ე მუხლი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: (ა) დარღვეულია საქორწინო ასაკი; (ბ) ქორწინება განხორციელდა დასაქორწინებელი პირის თანხმობის გარეშე; (გ) სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი დაქორწინდა მზრუნველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; (დ) პირი დაქორწინდა ისე, რომ ჯერ კიდევ იმყოფება სხვა ქორწინებაში; (ე) დაქორწინებული პირები არიან ერთმანეთის აღმავალი ან დაღმავალი შტოს ნათესავები, ბიოლოგიური ან არაბიოლოგიური და-ძმა ან მშვილებელი და ნაშვილები; და (ვ) დაქორწინებულ პირთაგან ერთ-ერთი მაინც არის მხარდაჭერის მიმღები და მათ ქორწინების რეგისტრაციამდე არ გაუფორმებიათ საქორწინო ხელშეკრულება.
IV. მტკიცების ტვირთი
12 პრაქტიკაში, როგორც წესი, ამ ტიპის დავები წარმოიშობა ორ მეუღლეს (ან მათ მემკვიდრეებს) შორის, რომელთაგან ერთი მხარე (მეუღლე პირველი ქორწინებიდან) ამტკიცებს, რომ მეორე ქორწინება იყო ბათილი სსკ 1120(1)(ა) მუხლის საფუძველზე, ხოლო მოპასუხე მხარე (მეუღლე მეორე ქორწინებიდან) ამტკიცებს, რომ მან დაქორწინების მომენტში არ იცოდა ქორწინების ბათილობის საფუძვლის არსებობის შესახებ, რის გამოც მის მიმართ ქორწინება ითვლება ნამდვილად და წარმოშობს ყველა იმ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, რასაც ნამდვილი ქორწინება.
13 იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიყენოს 1141-ე მუხლი, მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაასასტუროს მეუღლის მიერ ქორწინების ბათილობის საფუძვლების ცოდნა დაქორწინების მომენტში. არ არის საკმარისი, თუკი მეუღლე ქორწინების შემდგომ შეიტყობს მისი ბათილობის საფუძვლების შესახებ. ასევე, არ უნდა იყოს საკმარისი, თუკი მეუღლე არასწორად ფიქრობს, რომ არსებობს ქორწინების ბათილობის საფუძვლები.
14 ამასთან, 1141-ე მუხლის გამოყენების შემთხვევაშიც მოქმედებს მტკიცებითი სამართლის ყველა ის ზოგადი პრინციპი, რითიც სასამართლოები ხელმძღვანელობენ სხვა საქმეებში. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე რაიონულმა სასამართლომ არასაკმარისად მიიჩნია 1141-ე მუხლის თანახმად მეუღლის ცოდნის დამადასტურებლად მოწმეთა ჩვენება, ვინაიდან სასამართლოს განმარტებით „მოწმეები აწ გარდაცვლილი მამკვიდრებლისადმი ზედმეტად სუბიექტურად და ნეგატიურად იყვნენ განწყობილი.“ [სუსგ №ას-708-662-2017, 11/01/2018]. მსგავსი პოზიცია გაიზიარა სხვა საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომაც, რომელმაც მოწმის ჩვენება მეუღლის მიერ ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების ცოდნის შესახებ არასაკმარის მტკიცებულებად მიიჩნია, ვინაიდან მოწმეს გააჩნდა სუბიექტური და მიკერძოებული დამოკიდებულება განსახილველი საქმის მიმართ, იყო რა იგი მოსრჩელის დედა და საქმის შედეგით პირდაპირ დაინტერესებული პირი. [სუსგ №ას-564-535-2013, 07/10/2013].
Comments