👉 აღიარებითი სარჩელის აღძვრა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა მოსარჩელეს აქვს დავის იურიდიული ინტერესი.
👉 დავის იურიდიული ინტერესი არსებობს მაშინ, როცა მოსარჩელეს ეცილებიან უფლებაში, რაც ქმნის უფლების დარღვევის საფრთხეს და მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა არ არის შესაძლებელი.
📔 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ⚖️ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება №ას-847-2019
📌 ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა საჯარო რეესტრის, ლენტეხის მუმუნიციპალიტეტის გამგეობისა და მოპასუხე ფიზიკური პირების წინააღმდეგ და მოითხოვა კომლის გაყოფის შესახებ გადაწყვეტილების, საკომლო ჩანაწერისა და თანამდევი შედეგის - რეესტრის ჩანაწერების ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კი ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, თუმცა სარჩელი განუხილველად დატოვა აღიარებითი სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესის არარსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
📌 სასამართლო მსჯელობის შეჯამება
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უზენაესმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღიარებითი სარჩელის აღძვრის ინტერესზე და განმარტა, რომ ამგვარ ინტერესად უნდა ჩაითვალოს არა მხარის ზოგადი ინტერესი დავის მიმართ, არამედ კანონის მატერიალური ნორმით დადგენილი ინტერესი, რომლის რეალიზაციაც შესაძლებელი იქნება აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. უზენაესი სასამართლოს განმარტებით სსსკ 180-ე მუხლის თანახმად სახეზე უნდა იყოს შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს - არ უნდა არსებობდეს მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სასამართლომ განმარტა, რომ წინამდებარე შემთხვევაში აღძრული იყო, მხოლოდ, აღიარებითი სარჩელი და მხარეს არ წარმოუდგენია მიკუთვნებითი სარჩელი, რაც დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების აღდგენას ვერ გამოიწვევდა.
📌 კომენტარი
სსსკ 180-ე მუხლი აღიარებითი სარჩელის აღძვრისათვის მოითხოვს მხარის იურიდიულ ინტერესს. აღნიშნული მუხლი კოდექსში მისი მიღების დღიდან არსებობს და რედაქციული ცვლილება არ განუცდია. შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის აღძვრის წინაპირობად იურიდიული ინტერესის არსებობა, ყოველთვის დადგენილი იყო. თუმცა, ბოლოდროინდელი პრაქტიკით განსაკუთრებით გამკაცრდა აღიარებითი სარჩელების მიმართ საერთო სასამართლოთა მიდგომა, რაც იწვევს სასამართლოსთვის მიმართვის უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, ხშირად, არასწორად განმარტავენ ქვედა ინსტანციის სასამართლოები და სარჩელს ისეთ შემთხვევებშიც ტოვებენ განუხილველად, როცა მხარის იურიდიული ინტერესი იმთავითვე აშკარაა. მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე ადმინისტრაციულმა ორგანომ ნალმხრივი ნების გამოვლენით შეწყვიტა მოსარჩელის აღნაგობის უფლება და ცვლილება დაარეგისტრირა რეესტრში. მოსარჩელემ მოითხოვა აღნაგობის ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობა და რეესტრში რეგისტრაცია. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განუხილველად დატოვა სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხეს ყოველთვის აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება (თუნდაც ამგვარი შეწყვეტა იყოს უკანონო) და მოსარჩელემ უნდა იდავოს არა უფლების აღდგენის, არამედ ზიანის ანაზღაურების თაობაზე. [ბათუმის საქალაქო სასამართლოს 07/12/2018 წლის განჩინება №2-5132/18]. განჩინება გასაჩივრდა, თუმცა ძალაში იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ. [ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22/03/2019 წლის განჩინება №2/ბ-25-19]. სხვა საქმეზე მოსარჩელე ითხოვდა მის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულ უძრავ ქონებაზე მოპასუხის სამომავლო საკუთრების გაუქმებას, რამდენადაც რეესტრში რეგისტრირებული სამომავლო საკუთრება მოსარჩელეს უზღუდავდა ქონების ნებისმიერი სახით განკარგვის შესაძლებლობას. თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი განუხილველად დატოვა და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ აქვს დავის იურიდიული ინტერესი. [თბილისის საქალაქო სასამართლოს 30/10/2019 წლის განჩინება №2/33480-17]. სხვა შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი, რომლითაც მოსარჩელე ითხოვდა უძრავი ნივთის მესაკუთრედ აღიარებას, მის ასეთად რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას, განუხილველად დატოვა იმ მოტივით, რომ მხარეს არ გააჩნია დავის იურიდიული ინტერესი. [თბილისის საქალაქო სასამართლოს 29/06/2020 წლის განჩინება №2/13294-19]. ზოგადად გასაგებია სსსკ 180-ე მუხლის შინაარსი, რომელიც აღიარებითი სარჩელების აღძვრის წინაპირობად იურიდიული ინტერესის არსებობას ითვალისწინებს. თუმცა, ნეგატიურად უნდა შეფასდეს საერთო სასამართლოების მხრიდან აღიარებითი სარჩელებისათვის დადგენილი ამგვარი მკაცრი და, ხშირ შემთხვევაში, არაგონივრულად შემზღუდავი მიდგომა.
Comments